ბლოგის შესახებ

 

19894694_10155544480264228_953270034574912586_n

მე ვარ ამ ბლოგის ავტორი, კონდიტერი და ამ სფეროზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ასე რომ კარგ ხელში ხართ.

ბიოგრაფიის მოყოლას გამოვტოვებ, იქამდე სანამ დესერტებზე არ შევიშალე. ეს იყო 5 წლის წინ, როდესაც შეფ Bruno Couret – ის მასტერ – კლასს შემთხვევით დავესწარი. მაშინ მივხვდი, რომ სხვაგან ვიყავი, არაფერი ვიცოდი და ყველაფერი უნდა შემესწავლა, რაც ამ სფეროს ეხებოდა.

აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ,,ტრუბოჩკების” , ,,ნაპოლეონის” , ,,ტარტალეტკების” და სხვა კომუნისტების მიერ დამახინჯებული, კუსტარული ნამცხვრების, ორიგინალი ვერსიები. თურმე ვანილინი ერთი ქიმიური ფხვნილია და საერთოდ არ აქვს კავშირი ვანილის ჩხირთან, თურმე სამყაროში ბევრი გემოთა შეხამება არსებობს და როდესაც ადამიანი ახალ გემოს სინჯავს, მის ტვინში ახალი სათავსო იქმნება, სადაც ის გემო სამუდამოდ ინახება.

იდეა, რატომაც მომინდა საკუთარი ბლოგის გაკეთება, წამოვიდა იქიდან, რომ მე ძალიან ბევრი ვიწვალე, როდესაც ვცდილობდი ონლაინ რეცეპტებით მეექსპერიმენტა. ფაქტიურად არაფერი გამოდიოდა. ქართული საიტი არც იყო ისეთი, სადაც დალაგებულად დაწერილი რეცეპტები, თავისი ზუსტი გრამების მითითებით და ტექნოლოგიის ახსნით იქნებოდა.თითქმის ყველას, ინტერნეტიდან გადმოწერილი ფოტოები ჰქონდა დართული, ინგლისურენოვან საიტებზე კი ინგრედიენტების მორგება და CUP-ებიდან გრამებზე კონვერტაცია მტანჯავდა. იმდენად ვიწვალე, რომ ხელი ჩავიქნიე და ერთადერთი გამოსავალი საქართველოს კულინარიის აკადემიაში ჩაბარება და ამ ყველაფრის პროფესიონალებისგან საფუძვლიანი შესწავლა იყო.

დავამთავრე კულინარიის აკადემიის შეფ – კონდიტერის კურსი და გავაგრძელე ჩემი საქმიანობა ამ განხრით. თუმცა მინდა , რომ ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო და იმ ადამიანებს , ვინც ჩემსავით შეპყრობილია ამ სფეროს სიყვარულით. ცხოვრება გავუადვილო ადამიანებს, ვინც ხვდება სახლში მომზადებული საკვების თუ დესერტის ხიბლს, თუმცა აქვს ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა, ან ყველაფერი ძალიან რთულად ეჩვენება.

cropped-19029647_10155450169059228_5676163083912884032_n.jpg

ამ ბლოგში რასაც ნახავთ არის ნამდვილზე ნამდვილი. რეალური რეცეპტები, მათი ჩემეული ინტერპრეტაცია, სხვადასხვა გემოთა შეხამებების ვარიაციებით. მარტივი ენით გადმოცემული, ჩემს სამზარეულოში გადაღებული ფოტოებით, ინგრედიენტებით, რომლებსაც უბნის მაღაზიიდან დაწყებული დიდ სუპერმარკეტამდე დამთავრებული იოლად მიგაგნებინებთ, გეტყვით რა პროდუქტი გამოიყენოთ რომ იყოს ჯანსაღი და არ იყოს საშიში თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, გამოცხობის ტექნოლოგია (რაც ბევრ რეცეპტს ან არ მოყვება , ან ბოლომდე გამხელილი არ არის), მიგასწავლით სად შეიძინოთ საკონდიტრო ინვენტარი ადგილობრივ ბაზარზე თუ ონლაინ შოპინგის გზით, გასწავლით დეკორაციების გაკეთებას, რითიც სტუმრებს გააოცებთ.

ეს არ არის სივრცე, სადაც თითო დესერტზე ვიკიპედიიდან გადმოთარგმნილი მშრალი ისტორიები დაგხვდებათ (ამას ხომ თვითონაც მოიძიებთ), მე დავწერ რეალურად რას ვფიქრობ ამა თუ იმ დესერტის გემოსა და მომზადების ტექნოლოგიაზე, მოგცემთ ბევრ სასარგებლო რჩევას, გაგიზიარებთ ახალ ტენდენციებს..ასე რომ იმეგობრეთ ჩემთან და დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არ არის მიუწვდომელი და თქვენც შეგიძლიათ უიღბლობების, წარუმატებელი მცდელობების და ინგრედიენტების გაფუჭების გარეშე რაღაც ნადვილად გემრიელი მარტივად შექმნათ.