მონ ბლანი

გემრიელი? ვისთვის როგორ ) განსხვავებული- კიბატონო )

წაბლის დესერტი შედგება:

კაკაოს ბისკვიტი,

მასკარპონეს კრემი,

წაბლის პასტა,

კარამელიზირებული წაბლი.

 

ამის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ წაბლი და მოთმინება)))

წაბლის კარამელიზაცია:

დავიწყებთ იმითი, რომ ამის სახლში გაკეთება შეუძლებელია. არ გამოდის ის ხარისხი. მე კანი ბოლომდე ვერ გავაცალე, რომ ვაცლიდი თან ნაწევრდებოდა. ამიტომ შეგიძიათ ამ ნაწილს თავი აარიდოთ და მხოლოდ წაბლის პასტა მოამზადოთ, რაც გაცილებით ადვილია და გამოდის კარგი.

თქვენ დაგჭირდებათ მსხვილი ზომის, სავსე წაბლი.

პირველ რიგში წაბლს გავაცალოთ გარეთა კანი, დანით. შემდეგ დავიწყოთ წაბლიდან სიმწარის გამოყვანის და შიგნითა კანის მოცლის პროცედურა. მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე ცოტა ხანი. შემდეგ გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი. თან გავაცალოთ კანის უხეში ნაწილები, მაგრამ მთლად ბოლომდე არ შემოვაცალოთ, თორემ ჩაგვეშლება წაბლი ხარშვისას.

ეს პროცესი გავიმეოროთ 4-5 ჯერ . ბოლოს ჩავამატოთ შაქარი ეტაპობრივად და ვადუღოთ, სანამ შარქრის სიროფი არ გაბლანტდება.

უნდა მივიღოთ რბილი, პრიალა, ტკბილი წაბლი.

ფოტოზე ჩანს კიდეც რომ კანი უფრო მეტად უნდა მომეცილებინა, მაგრამ შემეშინდა არ დამშლოდა..

წაბლის პასტა:

წაბლი – 250 გრ

წყალი – 250 მლ/ლ

შაქარი – 50 გრ

ვანილი

-კანის გაცლა

მომზადების ტექნოლოგია:

გავაცხელოთ ღმელი 180 გრადუსზე.

წაბლები გადავჭრათ ყუნწში, ასევე შეგვიძლია ჯვარედინად დავსეროთ კანი.

მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 30 წუთი.

გამოდგით ღუმელიდან და გავაცალოთ კანი. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავამატოთ წყალი, შაქარი და ვადუღოთ სანამ კარგად არ მოიხარშება (წყალი დავამატოთ როგორც მოითხოვს).

კარგად მოხარშული, ქვაბშივე ჩავჭყლიტოთ, შემდეგ დავამატოთ ვანილი და დავაბლენდეროთ. საბოლოოდ გადავიტანოთ საცერში, მეტი სიწმინდისთვის.

მივიღებთ წაბლის, წმინდა პასტას, რომელსაც ცოტა ჰაეროვნებისთვის და კრემივით ტექსტურისთვის , დაკრემვის წინ, ემატება ამოყვანილი ნაღები. 250 გრამ მასაზე , მე დავუმატე 100 გრ ნაღები.

კაკაოს ბისკვიტები:

ეს არის უფაფუკესი ბისკვიტი, რომელიც ქაფქეიქის ფორმებში გამოვაცხვე. ცალკე მისი გემო ძალიან მომეწონა და ვფირობ, როგორც ქაფქეიქს , ისე გამოვაცხობ ხოლმე მომავალში. 

არ აქვს კარაქი და ცხიმიც ძალიან ცოტა აქვს , შესაბამისად შედარებით დაბალკალორიულიცაა და ძალიან,ძალიან ჰაეროვანი და ნოტიო.

კვერცხი – 2 ც

შაქარი – 60 გრ

ფქვილი – 50 გრ

კაკაო – 10 გრ

რძე – 35 მლ/ლ

ზეთი – 15 მლ/ლ

მომზადების ტექნოლოგია:

კვერცხი გავაცალკევოთ.

კაკაო, რძე და ზეთი გავხსნათ ერთად და გვქონდეს გამზადებული.

ცილა ამოვიყვანოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხის გულები და მოვურიოთ ფრთხილად, ხის კოვზით ან მარიზით. დავამატოთ გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა.. კვლავ ვურიოთ ზემოდან ქვემოთ.  ბოლოს ეს მასა ( მცირე ნაწილი) გადავიტაოთ კაკაოს მასაში და შევურიოთ შეჩვევის პრინციპით. შემდეგ დავაბრუოთ ძირითად მასაში და კვლავ ფრთხილად მოვურიოთ.

გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე.

სილიკონის ფორმებში მოვათვსოთ ბისკვიტის ცომი, გავავსოთ ბოლომდე და გამოვაცხოთ 18-20 წთ.

გავაგრილოთ ბოლომდე.

მასკარპონეს კრემი:

მასკარპონე – 70 გრ

შაქარი – 20 გრ

ნაღები. 100 მლ/ლ

მომზადების ტექნოლოგია:

ამოვიყვანოთ ნაღები.

ოთახის ტემპერატურის მასკარპონეს, მარიზით შევურიოთ შაქარი და შემდეგ ნაღები.

(არ უნდა თქვეფა)

 

დესერტის აწყობა:

ბისკვიტი ამოვჭრათ შუა გულში და ჩავდოთ მცირე რაოდენობით მასკარპონეს კრემი. შემდეგ დავადოთ წვრილად დაჭრილი კარამელიზირებული, კანგაცლილი წაბლი. დავამატოთ კვლავ მასკარპონეს კრემი, ამავე კრემით თავზე გავუკეთოთ მთის ფორმა. გარედან კი წაბლის კრემით მოვრთოთ (რომელსაც შევურიეთ 100 გრ ამოყვანილი ნაღები)

შეგიძიათ მოაყაროთ უდნობი შაქრის პუდრა, დათოვლილი ეფექტისთვის.

გააფორმეთ წაბლით.