თქვენ ამ გვერდზე ნახავთ ფორთოხლის მარმელადის მომზადების ორნაირ ტექნოლოგიას:
თუ წინა ვერსიაში, მთლიან ფორთოხლებს ვადუღებთ, ვჭრით, შემდეგ შაქრის სეროფს ვადუღებთ და ბოლოს ყველაფერს ერთად, ეს უფრო გამარტივებული ვარიანტია.
გიზიარებთ ნედლეულის ზუსტ ფორმულას, რაც მე გამოვიყენე.
ფორთოხალი – 8 კგ
ლიმონი (ქართული) – 500 გრ
შაქარი – 2 კგ
მომზადების ტექნოლოგია:
ფორთოხალი და ლიმონი გავრეცხოთ, გავთალოთ, გულდასმით გავაცალოთ თეთრი კანი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
ჩემი რჩევა – დაჭრილი კანები 2-3 ჯერ გავატაროთ ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობაში. ანუ ავადუღოთ 2-3 წთ, შემდეგ გადავავლთ გამდინარე წყალი 2-3 წთ და ასე გავიმეოროთ 2-3 ჯერ, ამ პროცესს კარგად გამოაქვს ქერქის სიმწარე. ( მე ეს ნაწილი არ გამიკეთებია, ვინაიდან ორიგინალ რეცეპტში არ იყო მითითებული, შესაბამისად უფრო მომწარო გამომივიდა მარმელადი) ამიტომ გირჩევთ ეს ნაწილი არ გამოტოვოთ.
ციტრუსიდან გამოვწუროთ წვენი. (8 კგ ციტრუსიდან მივიღე 3 ლ წვენი)
ღრმა ჭურჭელში, ქვაბში მოვათავსოთ ციტრუსის, დაჭრილი კანები, მოვასხათ თავისივე წვენი და მოვაყაროთ შაქარი. (სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ ვანილიც). და დავაყოვნოთ მაცივარში 24 საათით.
მოხარშვა:
მაცივარში დაყოვნებული ფორთოხლის კანი , წვენი და შაქარი , მოვათავსოთ მოსახარშად საშუალო ტემპერატურაზე და ვხარშოთ სანამ არ მიაღწევს 105 გრადუსს. ამას დაახლოებით სჭირდება ადუღებიდან 1 სთ. სანამ მასა არ გახდება საგრძნობლად ბლანტი. პერიოდულად ვამოწმოთ, ბევრი ხარშვა არ უნდა მოგვივიდეს , ამ დროს შეიძლება ციტრუსის კანი დაკარამელიზდეს და გახმეს.
შიგადაშიგ შეგვიძლია სეროფის მცირე ნაწილი, ყინულიან თასზე ამოვიღოთ, თუ გასქელდება ე.ი. მზად არის.
.
მე ძალიან მიყვარს ეს ქარვისფერი მარმელადი, რომელსაც ძირითადად სხვადასხვა მშრალ ნამცხვრებში ვიყენებ.
შენახვა:
შუშის ქილები კარგად გავრეცხოთ, დავმდუღროთ და ჩავასხათ მდუღარე მარმელადი.
წარმატებებს გისურვებთ ❤