პორცია:
16 ცალი დიდი ზომის დონატი
ინგრედიენტები:
ფქვილი – 500 გრ
კვერცხი – 2 ც
რძე თბილი- 200 მლ/ლ
საფუარი – 10 გრ
კარაქი დამდნარი – 100 გრ
შაქარი – 70 გრ
მარილი – მწიკვი
ზეთი 1 ლ (შესაწვავად)
1. მოვამზადოთ აპარი: საფუარი ჩავყაროთ მაღალ კედლიან ჭურჭელში, 500 გრ ფქვილიდან ამოვაკლოთ 3 ს/კ, 200 გრ რძიდანაც ამოვაკლოთ 50 გრ და დავუმატოთ ამ მასას. (რძე უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის ან ოდნავ კიდევ თბილი). გადავაკრათ პლასტირი და დავდოთ თბილ ადგილას იმისათვის რომ საფუარი გააქტიურდეს.
2. ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ მიქსერის თასში + საფურის მასა და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
მოზელილი ცომი, შევინახოთ თბილ ადგილას 1,5 საათით(გააჩნია რა ტემპერატურაა ოთახში) მე თუ პროცესების აჩქარება მინდა, ღუმელს ვრთავ 30 გრადუსზე, შემდეგ ვთიშავ და ცომს ვათავსებ. ცომი უნდა გაორმაგდეს.
მიღებული ცომი მსუბუქად გადავზილოთ ხელით და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე.ცომის სისქე დაახლოებით 1 სმ.
გამოვჭრათ სასურველი ფორმები და დავაცადოთ სანამ ასევე არ გაორმაგდება.
ჩემს შემთხვევაში გაორმაგებას დასჭირდა 40 წთ.
მაღალ ქვაბში ჩავასხათ მზესუმზირის ზეთი და დადგით ცეცხლზე გასაცხელებლად. ზეთის ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს 165-170 გრადუსს. (დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება) შესამოწმებლად, შეგიძლიათ ცომის პატარა ბურთი მოათავსოთ, თუ ზეთი მზადაა, მომენტალურად დაიწყებს დონატი შეწვას.
თითო გვერდზე შეწვით 20-25 წამი, ან სანამ არ გაოქროსფერდება. თუ შეატყობთ რომ ძალიან მალრ ოქროსფერდება ცომი, ე.ი. ზეთი მეტად გაცხელდა, ამიტომ ცეცხლი გამორთეთ .. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, მოგიწევთ ასე მექანიკურად არეგულიროთ.
ნაწილი ცომისგან პატარა ბურთები გამოვჭერი და შაქრიან დარიჩინში ამოვავლე.
ყავის კრემი:
რძე – 600 მლ/ლ
ყავის მარცვლები – 50 გრ
სიმინდის სახამებელი – 50 გრ
შაქარი – 100 გრ
კვერცხის გული – 3 ც
ყავის ლიქიორი – 15 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
პირველ რიგში რძე და ყავისვან უნდა მოამზადოთ ნაყენი. ( უფრო ინტენსიური გემოსთვის უმჯობესია 1 დღით ადრე) რძე და ყავის მარცვლები წამოადუღეთ.
კვერცხის გული და შაქარი გაათეთრეთ მიქსერით, დაუმატეთ სიმინდის სახამებელი, კვლავ გათქვიფეთ. მდუღარე რძე გადაწურეთ (გაათავისუფლეთ ყავის მარცვლებისგან) რძის ნახევარი დაასხით კვერცხის მასას და მიქსერით მოურიეთ, შემდეგ ჩააბრუნეთ დანარჩენი რძის ქვაბში და მოხარშეთ კრემი. (როგორც კი წამოდუღდება მალევე შესქელდება, ამიტომ სწრაფად უნდა ურიოთ რომ არ მიიწვას) კრემის მოხარშვას სჭირდება, ადუღებიდან 2-3 წთ.
მოხარშულ კრემს გავუროთ ყავის ლიქიორი
კრემს ასევე შევურიე 100 გრ კარაქი (ჩავადნე) კარგად გავართიანე, პლასტირი გადავაკარი და შევინახე გასაგრილებლად.
აწყობა:
შემწვარი და გაგრილებული დონატები დავხვრიტოთ და საკრემავი ტომრით ჩავდოთ კრემი. (კრემი რომ გაცივდა, მიქსერით კარგად გავთქვიფე).
დაკრემილ დონატებს, მოვასხი შაქრის გლაზური. (შაქრის ფხვნილს დავამატე ლიმონის წვენი , კარგად გავხსენი და მივიღე თხელი კონსისტენცია).ზემოდან მოვაყარე მოხალული, კანგაცლილი თხილი.
წარმატებულ ფუსფუსს გისურვებთ! 💜
უკაცრავად ცომში ცხიმი არ უნდაა?
LikeLike
თამთა, უნდა 100 გრ დამდნარი კარაქი. გამომრჩა ინგრედიენტების ჩამონათვალში და შევასწორე. ( სურათებზე ჩანს, რომ კარაქი შევურიე) დიდი მადლობა სწორი შენიშვნისთვის!
LikeLike