ბრიოშის მომზადება, საუკუნეებს ითვლის.. წარმომავლობა ნორმანდიაა, კარაქისა და ნაღების მხარე. ბრიოში, ეს არის იგივე პურის ცომი, რომელიც გამდიდრებულია კარაქით, კვერცხითა და შაქრით. შედეგად ძალიან რბილი, ფაფუკი, კარაქის არომატით საუზმის ფუნთუშა გამოდის, რომელსაც მიირთმევენ სხვადასხვა ჯემებთან ერთად.
პორცია – 9 – 10 ც 50 გრ-იანი ბრიოში.
ინგრედიენტები:
ფქვილი – 250 გრ
შაქარი – 30 გრ
კვერცხი – 3ც
საფუარი (გრანულები) – 5 გრ
მარილი – 2 გრ
კარაქი – 125 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქის გარდა ყველა დანარჩენი ინგრედიენტი მოვათავსოთ საკონდიტრო თასში. მიქსერის (ცომსაზელი ჩხირებით) ან თუნდაც ხელით, მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. მოზელილი ცომი მოვათავსოთ თასში და გვერდით მოვულაგოთ წვრილად დაჭრილი კარაქი.
გადავაკრათ სამზარეულოს პარკი, ისე რომ ცომს ეხებოდეს.
დავტოვოთ ცომი ასაფუებლად ოთახის თბილ ტემპერატურაზე. თუ ოთახში ცივა, შეგვიძლია ღუმელი ავიყვანოთ 30-ზე და შემდეგ შევაღოთ კარი, შევდგათ ცომი (ტემპერატურა ჩამოვა 18-20 გრ-ზე) შევდგამთ გამორთულზე. ეს ტექნიკა საგრძნობლად ააჩქარებს პროცესს.
აფუების შემდეგ, ცომი გადავზილოთ და გადაზელვის პროცესში შევაზილოთ კარაქი. (მე ეს ყველაფერი კვლავ მიქსერის დახმარებით გავაკეთე) გაითვალისწინეთ, ცომი საკმაოდ თხელია და ხელზე ეწებება.კარაქის მიწოდების შემდეგ, ცომი მივიყვანოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. დავტოვოთ თასში თბილად იქამდე სანამ არ გაორმაგდება. ამოსული ცომი კვლავ გადავზილოთ მსუბუქდ და გადაზელის შემდეგ ცომი დავანაწილოთ თანაბარ გუნდებად. დაახლოებით 50 გრ, თითო გუნდა.
დანაწილებული ცომი მოვათავსოთ სამუშაო მაგიდაზე, რომელზეც, უკვე მოყრილი გვექნება მსუბუქად ფქვილი.
ვინაიდან ცომი ძალიან ეკრობა ხელზე, სამუშაო მაგიდის სხვა ნაწილზე ოდნავ ზეთი დავასხათ და წრიული მოძრაობით დავამუშაოთ (დამრგვალება) ცომის გუნდები.
თითოეულ გუნდას მივცეთ სამეფო ბრიოშის ფორმა და მოვათავსოთ ბრიოშის წინასწარ დაცხიმულ ყალიბში. ბრიოშის ყალიბი არის ის, რასაც ჩვენთან ეძახიან ,,ტარტალეტკის” ფორმებს 🙂
ყალიბში მოთავსებული ბრიოშის ცომი დავტოვოთ თბილ ადგილას, იქამდე სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება.
გაორმაგების შემდეგ უშუალოდ ღუმელში მოთავსებამდე, თითოეულ ბრიოშს ფუნჯის მეშვეობით გადავუსვათ დოღაჟი: 2 ც. ოთახის ტემპერატურის კვერცხის გული, მწიკვი მარილი, მწიკვი შაქარი და დაახლოებით 2 ჩ/კ ნაღები/რძე/წყალი, გადავურიოთ ერთმანეთში. შეგიძლიათ მხოლოდ კვერცხის გული, თუმცა ასეთ პრიალა და ოქროსფერ შედეგს ვერ მიიღებთ.
ცხობა – 180 გრ – 20 წთ. აუცილებლად! : გამოაცხეთ ორთქლზე, კრუასანების გამოცხობის პრინციპით.
გემრიელად მიირთვით!
One Comment Add yours