მკვეთრი კაკაოს გემოს, შუაგულში ნოტიო მაფინები. იდეალურია შოკოლადის მოყვარულებისთვის.
პორცია – 10-12ც საშუალო ზომის.
ინგრედიენტები:
კარაქი (რბილი) – 100 გრ
ყავისფერი შაქარი (შეგიძლიათ თეთრით ჩაანაცვლოთ) – 150 გრ
კვერცხი – 2 ც
რძე – 200 გრ (მსუბუქად თბილი)
ფქვილი – 260 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ
თხევადი კაკაო – 300 გრ
- თხევადი კაკაო, არის ზუსტად ის ინგრედიენტი, რომელიც მაფინს არ გამოაშრობს, დატოვებს სველს და მისცემს ინტენსიურ გემოს. იყიდება თამარაშვილზე, მაღაზია ბონა სერა -ში. შეგიძლიათ ზუსტად იმდენი შეიძინოთ, რამდენიც გჭირდებათ ამ კონკრეტული რეცეპტისთვის.
- მაფინს არ უნდა ბევრი თქვება. გარედან დამსკდარი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, მსუბუქად უნდა გადავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში. თხევადი ინგრედიენტები შეგვიძლია მიქსერით, ხოლო როდესაც ფქვილს და მშრალ ინგრედიენტებს ჩავამატებთ, ხის კოვზით ან მარიზით ამოვურიოთ სანამ არ გაერთიანდება.
- ყავისფერ შაქარს იმიტომ ვიყენებ, რომ თავისი თვისებებით, ძალიან უხდება შოკოლადის და მუქი ფერის კექსოვან ნამცხვრებს. აძლევს მათ წებოვნებას, ნაკლებად ტკბილია და ჩვეულებრივ შაქართან შედარებით ჯანსაღი.
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ მსუბუქად, შემდეგ შევურიოთ კვერცხი, თბილი რძე და ფქვილი+გამაფხვიერებელი ჩავყაროთ ერთ ჯერზე. ამოვურიოთ ხის კოვზით და ჩავამატოთ თხევადი კაკაო. კვლავ შევურიოთ ხის კოვზით.
მიღებული მასა საკრემავი პარკით, ჩვეულებრივი ან ნაყინის ამოსაღები კოვზით მოვათავსოთ ერთჯერად ქაღალდის კესეტებში / სილიკონის ფორმებში და გამოვაცხოთ.
გამოცხობა : 165 გრ. 15-17 წთ.
მაფინები შეგიძლიათ მოათავსოთ , სამზარეულოს ერთჯერად პარკებში და გაყინოთ 1 თვის განმავლობაში. მირთმევის წინ, 1 საათით ადრე საჭიროა გამოიტანოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ სწორად და კარგად შეინახავთ, თქვენ ვერ განასხვავებთ მას, ახალი გამომცხვარისგან.
ჩემი აზრით ძალიან სწორი და სახალისოა, როდესაც თქვენს შვილსაც ჩართავთ მომზადების პროცესში (თითქმის ყველა ბავშვს ახარებს ეს ფუსფუსი). გააკეთეთ მაფინების მარაგი საყინულეში, ყოველღიურად თითო მაფინს გაატანთ სკოლაში,ლანჩისთვის, უკეთესი არჩევანი იქნება და საკუთარი თავითაც იამაყებთ, როგორც მშობელი, რომელმაც უბნის მაღაზიის დიდ ვადიან, საპონის გემოიან და არაჯანსაღ არჩევანს გადააბიჯა, ეკონომიაც გააკეთა, შვილთან ერთადაც გაერთო და საკუთარი წესები დაამყარა.
წარმატებებს გისურვებთ!