კაკაოს და შოკოლადის მაფინები იდეალურად დაამშვენებს თქვენი შვილის ლანჩ-ბოქსს 🙂
ინგრედიენტები:
კარაქი (რბილი) – 100 გრ
ყავისფერი შაქარი (შეგიძლიათ თეთრით ჩაანაცვლოთ) – 150 გრ
კვერცხი – 2 ც
რძე – 200 გრ (მსუბუქად თბილი)
ფქვილი – 210 გრ
კაკაო – 50 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ
შოკოლადის მარცვლები მოსაყრელად – 50-60 გრ
შოკოლადის მარცვლები შეგიძლიათ იყიდოთ, ბონა-სერაში, თამარაშვილზე, საკონდიტრო ინგრედიენტების მაღაზიაში.მე რაც გამოვიყენე, არის თერმული შოკოლადის წვეთები, რომელიც გამოცხობისას არ დნება. კარგია ზემოდან მოსაყრელად.
- მაფინს არ უნდა ბევრი თქვეფა. გარედან დამსკდარი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, მსუბუქად უნდა გადავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთს. თხევადი ინგრედიენტები შეგვიძლია მიქსერით, ხოლო როდესაც ფქვილს და მშრალ ინგრედიენტებს ჩავამატებთ, ხის კოვზით ან მარიზით ამოვურიოთ სანამ არ გაერთიანდება.
- ყავისფერ შაქარს იმიტომ ვიყენებ, რომ თავისი თვისებებით, ძალიან უხდება შოკოლადის და მუქი ფერის კექსოვან ნამცხვრებს. აძლევს მათ წებოვნებას, ნაკლებად ტკბილია და ჩვეულებრივ შაქართან შედარებით ჯანსაღი.
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ მსუბუქად, შემდეგ შევურიოთ კვერცხი, თბილი რძე და ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი ჩავყაროთ ერთ ჯერზე. ამოვურიოთ ხის კოვზით სანამ არ გაერთიანდება.
მიღებული მასა საკრემავი პარკით, ჩვეულებრივი ან ნაყინის ამოსაღები კოვზით მოვათავსოთ ერთჯერად ქაღალდის კესეტებში / სილიკონის ფორმებში, გემოვნებით მოვაყაროთ შოკოლადის მარცვლები და გამოვაცხოთ 165 გრადუსზე 15 წუთი.
გამოცხობა : 165 გრ. 15-17 წთ.
მაფინები შეგიძლიათ მოათავსოთ , სამზარეულოს ერთჯერად პარკებში და გაყინოთ 1 თვის განმავლობაში. მირთმევის წინ, 1 საათით ადრე საჭიროა გამოიტანოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ სწორად და კარგად შეინახავთ, თქვენ ვერ განასხვავებთ მას ახალი გამომცხვარისგან.
წარმატებებს გისურვებთ!
სტრუქტურა შიგნით როგორი აქვს? კექსივითაა? და თუ კექსივითაა მაშინ იქნებ უფრო ფხვიერი მაფინის რეცეპტი შემოგვთავაზო. მადლობა!
LikeLike
გამარჯობა. ფხვიერი მაფინი რომელია? ეს არის ნოტიო და კექსივით. მაფინი კექსია იგივე, უბრალოდ ნაკლებად ითქვიფება, რომ იყოს დამსკდარი და უფრო შედარებით მძიმე.
LikeLike